Pages

კონფერენცია-,,წიგნიერების განვითარების სასკოლო პროგრამების შემუშავება“

ღონისძიების სახელება:

კონფერენცია

კონფერენციის დასახელება:

,,წიგნიერების განვითარების სასკოლო პროგრამების შემუშავება“

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 

ტრენინგის ჩატარების დრო:

28.11-29.11-30.11.2014

ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:

ბაკურიანი, სასტუმრო ,,ვერე პალასი“.

კონფერენციის ორგანიზატორები:

ნათია ნაცვლიშვილი
მაია ნაკაშიძე    593-310-369
                   
კონფერენციის მიზანი

წიგნიერების დონის ამაღლება; წიგნიერების განვითარების სასკოლო პროგრამების შემუშავება და გაზიარება.

მოსალოდნელი შედეგები:

მასწავლებლები შეძლებენ, ხელი შეუწყონ კითხვითი წიგნიერების  პოპულარიზაციასა და წიგნიერების განვითარების დონის ამაღლებას დაწყებით კლასებში.

რეზიუმე

კონფერენცია გახსნა წიგნიერების განვითარების კოორდინატორმა ნათია ნაცვლიშვილმა. მისალმების შემდეგ მან გაგვაცნო დღის წესრიგი. დეტალურად შეეხო ყველა იმ აქტივობას, რომლებსაც კონკრეტულ დღეებში განვახორციელებდით. აღნიშნა პრობლემები, საჭიროებები. განსაკუთრებით გამოყო საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სკოლაში არსებულ მდგომარეობას წიგნიერების უნარების განვითარების მიმართულებით. მომხსენებლის აზრით, უნდა შეიქმნას ჯგუფური ქსელი, რომელიც იმუშავებს პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოო ჯამში, ამ ჯგუფის ქსელის მუშაობის პროდუქტი იქნება წიგნიერების უნარების განვითარების სასკოლო პროგრამა, რომელშიც იქნება ასახული, რა უნდა გაკეთდეს სკოლებში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
მეორე მომხსენებელი იყო ეკა ჯელაძე. მან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: ,,წიგნიერება და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“.
მომხსენებლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები: რა შეიცვალა განათლების სისტემაში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად; რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს...
შემდეგ პრეზენტაცია გააკეთა ბათუმის ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წარმომადგენლებმა. მათ დეტალურად ჩამოაყალიბეს, როგორ შექმნეს კლუბი და როგორ მოხდა შემდეგში მისი განვითარება. კლუბის წევრებს ჰქონდათ საკმაოდ კრეატიული ხედვები წიგნიერების დონის ამაღლების მიმართულებით. აღნიშნეს პრობლემებიც. გამოკვეთეს ის ადამიანები, რომლებიც თანადგომას, მხარდაჭერას გამოხატავენ მათ მიმართ. საკონფერენციო დარბაზში მსხდომი ყველა პედაგოგი დაინტერესდა ამ მოსწავლეებით. გაიმართა დისკუსია საკითხების ძირფესვიანად გაანალიზების მიზნით.
ერთსაათიანი შესვენების შემდეგ კვლავ განვაახლეთ მუშაობა. დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი შედგებოდა ქალაქ თბილისისა და ქალაქ ქუთაისის მენტორ-ტრენერებისაგან. მათ შორის ვიყავი მეც, განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი. დავალების მიზანი იყო: წიგნიერების განვითარების სასკოლო პროგრამის ჩარჩოს შექმნა. ყველა მონდომებით ვმუშაობდით და რამდენიმე საათი დაგვჭირდა საბოლოო პროდუქტის მისაღებად. თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია. ჩვენი ჩეკლისტი ასე გამოიყურებოდა.








პრეზენტაციის შემდეგ შევისვენეთ და დავგეგმეთ მომდევნო დღის აქტივობები.
მეორე დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიით. ქალბატონმა ნათიამ კიდევ ერთხელ ღრმად ჩაგვახედა განხილულ საკითხებში. ხაზი გაუსვა თითოეული სკოლის საჭიროებებს, გააერთიანა ერთ ჩეკლისტში და მოგვცა ერთგვარი შაბლონი პროგრამის დახვეწისათვის.
შემდეგ პრეზენტაცია გააკეთა თეა ქიტოშვილმა, რომელიც არის წიგნიერების სკოლის ,,ასფურცელას“ დამფუძნებელი. მან ისაუბრა სკოლის ღირსებებზე და იმ მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნიერების დონის ამაღლებას.
საინტერესო იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის პედაგოგის ხათუნა რაზმაძის გამოცდილების გაზიარება. მან უახლესი მეთოდებით ჩაატარა რამდენიმე სამოდელო გაკვეთილი. სპეციალურმა ჯგუფმა გადაიღო ყოველივე და ჩვენ, პედაგოგებს, ბედნიერება გვაქვს, ვიხილოთ ვიდეო გაკვეთილები და გავიღრმავოთ ცოდნა კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენების შესახებ.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა საუბრები წიგნიერების განვითარების სასკოლო პროგრამის შესახებ. გაიმართა დისკუსია, კითხვა-პასუხები პროგრამის უკეთ ჩამოყალიბებისა და დახვეწის მიზნით. შემდეგ კვლავ წარვადგინეთ სამოქმედო გეგმის ვერსია და შევთანხმდით, 20 დეკემბრისათვის, ნათია ნაცვლიშვილისთვის გადმოგვეგზავნა სკოლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია და დაგვეწყო სერიოზული მუშაობა ამ მიმართულებით.
ბოლოს შევაჯამეთ კონფერენცია და დავემშვიდობეთ ერთმანეთს კეთილი სურვილებით.


ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება

კონფერენციაზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. განხილული საკითხებისა და მასალების გამოყენებით მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეთა წერა-კითხვის უნარების დიაგნოსტირება-შეფასებას, ეფექტური გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვას, შესატყვისი სასწავლო მეთოდების/სტრატეგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებას, რათა ყველა მოსწავლემ წარმატებით ისწავლოს წერა და კითხვა. მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იდეებისა და პრაქტიკული მეთოდების არსებულ გარემოსთან ადაპტირება. არსებულ გარემოში იგულისხმება ის, რომ მასწავლებელმა კითხვაზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინოს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული მოსწავლეთა წინარე ცოდნა, საგანმანათლებლო საჭიროებები, სკოლის პრიორიტეტული ამოცანები, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მისაღწევი შედეგები.
კონფერენციის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, ქალბატონებს ნათია ნაცვლიშვილსა და მაია ნაკაშიძეს.  







01.12.2014                                                                         
                                                                         

                                                                      ნინო გამყრელიძე

3 comments:

  1. ქართული წიგნიერების ხე უთცალავ გემრიელ ნაყოფს დაისხამს!

    ReplyDelete
  2. ქართული წიგნიერების ხე უთცალავ გემრიელ ნაყოფს დაისხამს!

    ReplyDelete